თავისუფლება #freeGiyas #freeBayram

English text down

გიასედინ იბრაჰიმოვს და ბაირამ მამედოვს ალიევის ძეგლზე გაკეთებული ანარქისტული წარწერის გამო ნარკოტიკები ჩაუდეს და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მჯერა, რომ როცა უსამართლობის საზღვარი არ ჩანს და იმედებიდან მარტო საარსებო მინიმუმი გვრჩება, არსებობს რაღაც, რასაც არ დავთმობთ მაშინაც კი, როცა მტერს ეგონება, რომ დავთმეთ. გიერთდებით მაგ ყველაზე მნიშვნელოვანში.

ამ წერილით გიგზავნით სიყვარულს და მხარდაჭერას.

ქართველი ამხანაგი

I believe, when there`s no limit of injustice and from our hopes only the vital ones are left, there is something, which we don`t give up, even if the enemy thinks we did. We stand together  with this most important thing.

With this letter i`m sending you love and support.

Georgian comrade

პოსტსაბჭოთა ხელოვანის გადასარჩენად

ჩვენი აზრით პოსტსაბჭოთა ხელოვანის გაუცხოებული, ასოციალური, აპოლიტიკური, მისტიფიცირებული სტაგნაციიდან გამოსავალი არსებობს.

ეს გამოსავალი კოლექტიური თვითგანათლებაა. აუცილებლად კოლექტიური და აუცილებლად თვითგანათლება.

ინდივიდუალური თვითგანათლება ვერ გაწვდება პოსტსაბჭოთა ხელოვანის ხსნისთვის საჭირო მასშტაბებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ „ინგლისურის და კომპიუტერის“ ცოდნას უზრუნველყოფს უპრობლემოდ, უპრეტენზიოდ….

ინსტიტუციონალური სახელოვნებო სკოლა მხოლოდ მატერიალური რესურსის წყაროდ თუ გამოდგება, სხვა მხრივ კოლონიალიზმის, იმპერიალიზმის და ველური კაპიტალიზმის მსახურია. ის აიძულებს პოსტსაბჭოთა ხელოვანს, შექმნას ინდივიდუალური სტილი და გახდეს კერპთაყვანისმცემელი.

პოსტსაბჭოთა ხელოვანი მხოლოდ სტილის დამარცხებით მოიპოვებს თავისუფლებას თავის ხელოვნებაში (თუნდაც ხელოვნებისგან გათავისუფლების ხარჯზე).

მან  უნდა გაანადგუროს ის ერთადერთი იარაღი, რომლის ფლობაც მისი უკანასკნელი იმედია საბჭოთა სახელოვნებო სკოლიდან დასავლურ, ლამაზად მოწესრიგებულ სანაგვეზე წარუმატებელი ნახტომისთვის.

პოსტსაბჭოთა ხელოვანმა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მიუხედავად, უნდა იაზროვნოს ანალიტიკურად, სტილიზებული რეალობის მიღმა. შეიძლება პარალელურად იოცნებოს, იმედიტიროს, გაიქცეს, დაიმალოს, მაგრამ ანალიტიკური აზროვნება გარდაუვალია.

ანალიტიკურ აზროვნებას აუცილებლად მივყავართ კოლექტიური თვითგანათლების საჭიროებამდე. კოლექტიურ თვითგანათლებას, თავისმხრივ – კონცეფციამდე და იდეოლოგიამდე (ამ პროცესში კოლექტიური თვითგანათლების ბნელ მხარეებსაც დავინახავთ, მაგრამ ეს რა მოსატანია, ამაზე სხვა დროს). ის მიგვახვედრებს, რომ უშინაარსო სტილი, პასუხისმგებლობით შეურაცხყოფილი ინფანტილიზმი, ფსიქიკური აშლილობა და სევდიანი ჰეროიზმი არც რომანტიულია და არც რამენაირად პატივსაცემი. რომ ეს უბრალოდ რეაქციაა, ჩვეულებრივი რგოლი მიზეზშედეგობრივ ჯაჭვში, რომელიც საკმაოდ შორსაა ინტენციონალური აქტისგან.

პოსტსაბჭოთა ხელოვანმა უნდა ჩაატაროს ერთი სასარგებლო ექსპერიმენტი, ყველაფერი, რაც სწორად მიაჩნია, გააკეთოს საწინააღმდეგოდ.

ტრანსგენდერი

12378109_1005489756138923_4413282388550232016_o

 

რას ნიშნავს ტრანსგენდერობა?

ლგბტ. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი. პირველი სამი სექსუალურ იდენტობას ასახავს, ბოლო კი – გენდერულ იდენტობას. ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ორ გენდერს აღიარებს – კაცი და ქალი. როგორც კი ვიბადებით, გენიტალიის საფუძველზე (როგორც წესი), განგვისაზღვრავენ, რომ ან “გოგო” ვართ ან “ბიჭი”. სახელმწიფო ჩვენთვის მონიჭებულ სქესს/გენდერს დაბადების მოწმობაში, მოგვიანებით კი პირადობის მოწმობაში გვიწერს. ჩვენი სოციალიზაციაც, როგორც წესი, იმის მიხედვით წარიმართება, თუ რომელი სქესი/გენდერი მოგვანიჭეს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ან “კაცად” ჩამოვყალიბდეთ, ან “ქალად”, ვიცოდეთ ჩვენ-ჩვენი როლი და ადგილი.

ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომელიც ამ წესრიგს არღვევს. ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომლის გენდერული თვითაღქმა/იდენტობა ან/და გენდერული გამოხატვა არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს/გენდერს.1 სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ დაბადების/პირადობის მოწმობაში “მდედრობითი” გიწერია, მაგრამ თავს ქალად არ აღიქვამ, ტრანსგენდერი ხარ; თუ “მამრობითი” გიწერია, მაგრამ თავს კაცად არ აღიქვამ, ასევე ტრანსგენდერი ხარ. ამგვარი განმარტებით ადვილია, გადავჭრათ დაბნეულობა, რომელიც ტრანსგენდერობასთან მიმართებაში არსებობს. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ტრანსგენდერი ქალები არსებობენ, ზოგს ტრანსგენდერი კაცების შესახებაც სმენია, მაგრამ არაფერი იცის სხვა გენდერული იდენტობების ან გამოხატვების შესახებ, რომლებიც ასევე ტრანსგენდერობას მიეკუთვნება.

სინამდვილეში, “ტრანსგენდერი” შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ქოლგა (კრებითი) ტერმინი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის გენდერულ იდენტობებს და გამოხატვებს აერთიანებს. ამ იდენტობებისა და გამოხატვების კატეგორიზაცია სხვადასხვანაირად შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში ამგვარად აღვწერ:

  • ბინარული იდენტობები. ამას მიეკუთვნება ტრანსგენდერი ქალი და ტრანსგენდერი კაცი. ამ ადამიანებს იმის “საპირისპირო” გენდერული იდენტობა აქვთ, რაც დაბადებისას მიანიჭეს. ზოგიერთ მათგანს სურს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის გაკეთება, თუმცა ზოგი მათგანისთვის მისაღებია ის სხეული, რომელიც აქვთ და ოპერაციის გაკეთება/სრული ტრანზიციის გავლა არ სურთ. ზოგჯერ ეს ადამიანები (ოპერაციისგან დამოუკიდებლად) სხეულებრივი ცვლილებებისთვის ჰორმონებს იღებენ.

  • არაბინარული იდენტობები. ამას მიეკუთვნება, გენდერქვიარი, ბიგენდერი, აგენდერი, ანდროგინი, გენდერფლუიდი და სხვა იდენტობები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არც “კაცის” იდენტობა აქვთ და არც “ქალის”, არამედ საკუთარ თავს ხედავენ ამ ორ პოლუსს შორის ან შესაძლოა ზოგადად “გენდერის გარეთ”. ეს ადამიანები, როგორც წესი, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციით დაინტერესებულნი არ არიან, თუმცა ზოგი მათგანი სხეულებრივი ცვლილებების გამოსაწვევად შეიძლება იღებდეს ჰორმონებს.

  • არანორმატიული გენდერული გამოხატვები. ამას მიეკუთვნება კროსდრესერი, დრეგ ქვინი/დრეგ კინგი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სპეციფიკური გენდერული გამოხატვები. ისინი ტანისამოსისა ან/და მაკიაჟის საშუალებით განასახიერებენ “ქალს” ან “კაცს”. ხშირად ეს განსახიერება მათთვის მინიჭებულ სქესს არ შეესაბამება. როგორც წესი, ამგვარ გადაცმას არ აქვს რეგულარული ხასიათი და წარმოადგენს გარკვეული პერფორმანსის ნაწილს.

ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში

ეკა აღდგომელაშვილის კვლევა2 აჩვენებს, რომ საქართველოში ჰომოფობიის დონე მაღალია, თუმცა კიდევ უფრო მაღალია ბიფობიისა და ტრანსფობიის დონე. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და აგრესია უფრო მეტია, ვიდრე გეებისა და ლესბოსელების მიმართ. თანაც, აგრესია უფრო მეტად არის მიმართული გენდერულად არაკონფორმული კაცების, ვიდრე ქალების მიმართ. აგრეთვე, ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობები კაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალებში.

საინტერესოა, რომ ზოგადად ტრანსგენდერი ჯგუფის ხილვადობა დაბალია. ეს განსაკუთრებით ეხებათ არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებს, თუმცა ასევე ტრანსგენდერ კაცებსაც. საზოგადოებისთვის ყველაზე ხილვადი ტრანსგენდერი ქალები არიან. თუმცა ეს უკანასკნელნიც, როგორც წესი, ხილვადები ხდებიან ტრაგიკული შემთხვევების შედეგად, რაც მათზე ძალადობრივ თავდასხმებს ან/და მათ გარდაცვალებას უკავშირდება. ასეთი შემთხვევების მაგალითებია 2014 წელს საბი ბერიანის მკვლელობა, 2016 წელს ბიანკა შიგუროვას ტრაგიკულად დაღუპვა და ასევე 2016 წელს ზიზიზე თავდასხმა. ეს ფატალური შემთხვევები იმის შედეგია, რომ ბევრ ტრანსგენდერ ქალს თავისი გენდერული იდენტობის გამო დასაქმებაზე უარს ეუბნებიან. შედეგად, ისინი ხშირად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და იძულებულნი ხდებიან, სექს-სამუშაოში (პროსტიტუციაში) ჩაერთონ. ეს დაუცველი სოციალური პოზიცია და შრომის პირობები კი მათ თავის მხრივ, ძალადობის მიმართ მოწყვლადს ხდის.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ტრანსგენდერი ადამიანის ამოცნობა ადვილია. ეს სტერეოტიპი შეგვიძლია სწორედ იმას დავუკავშიროთ, რომ საზოგადოებისთვის ხილული ხდებიან გადამეტებულად სექსუალიზებული ტრანსგენდერი ქალები (მაგალითად, სექს-მუშაკები) ან გარკვეული ტიპის კროსდრესერები. ტრანსგენდერი კაცები და არაბინარული ტრანსგენდერები, კი როგორც ზემოთ აღვნიშნე, საზოგადოებისთვის უხილავია. თუკი მათი არანორმატიულობის ამოცნობა მაინც ხდება, ამას, როგორც წესი, “ტრანსგენდერობას” არ უკავშირებენ და ამ ადამიანებს გეიდ ან ლესბოსელად მიიჩნევენ. ამ ჯგუფის “უხილავობა” ერთი მხრივ, მას იცავს ტრანსფობიისგან, თუმცა მეორე მხრივ, ხელს უშლის ამ ადამიანთა მობილიზაციას და გენდერული წესრიგის გადასინჯვას.

ტრანსგენდერობა – ჩაგრულობა თუ სიამოვნება?

სამწუხაროდ, ხანდახან მე განვიცდი ძალადობას იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ვარ. და ეს ხდება მაშინ, როცა ვეღარ ვიკავებ თავს, როცა მბეზრდება ნატურალი კაცის როლის თამაში და ვხდები ის, ვინც ვარ – ლამაზი, მაღალი ქალი. როგორ გადავრჩი დღემდე? მადლობა ბედს! მაგრამ გადატანილი ამბების შემდეგ ისეთი შიშები დამეწყო, რომ დღემდე ვებრძვი სოციოფობიას. მეტრო როგორ გამოიყურება, დამავიწყდა და ის, რომ წავიდე რამე კონცერტზე, გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია იმ ხალხმრავლობის, რომელიც შეიძლება დამხვდეს იქ.”

– “მე მინდა მშვიდი ცხოვრება”, ტრანს ნარატივები, 2015, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ბევრთან არც კი ვახსენებ იმას, რომ სისგენდერი არ ვარ. არ ვახსენებ, იმიტომ, რომ არ მინდა მერე ახსნა-განმარტებების მიყოლება. ჯერ ის, რომ ტრანსსექსუალი არ ხარ. და ამის იქით ცოდნა ძალიან ცოტა გვაქვს. და მერე კიდევ ის, რომ ეს ჩემი გენდერულად ქვიარობა თანდაყოლილი არაა. ყოველთვის არ იცოდი, რაც თითქოს ვალიდურობას აცლის შენს გენდერულ იდენტობას… ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი გამოცდილებები გვაქვს, ჩემს შემთხვევაში ის, რომ ტრანსი ვარ, ტანჯვა არაა. პირიქით, ძალიანაც მაგარია… ძალიან რთულია ტრანსი ტანჯვის სინომიმად არ ვაქციოთ.”

– “სხვა ტრანსგენდერი”, ტრანს ნარატივები, 2015, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ეს ორი ამონარიდი, ორი სიტყვა სხვადასხვა ტრანსგენდერ ადამიანს ეკუთვნის. პირველი ტრანსგენდერი ქალია, მეორე კი – გენდერქვიარი. ტრანსგენდერობასთან დაკავშირებული მათი გამოცდილებები და გრძნობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პირველისთვის ტრანსგენდერობა ჩაგვრას, ძალადობას, ადამიანების შიშს უკავშირდება. მეორე აღნიშნავს, რომ მისი გენდერული იდენტობა საზოგადოებისთვის ხშირად უხილავია ან/და გაუგებარია, მაგრამ ეს იდენტობა მისთვის სიამოვნების წყაროა და არა ტანჯვის.

რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან? ტრანსგენდერობას სხვადასხვა სახე და პოტენციალი აქვს. გარკვეულ შემთხვევებში, ტრანსგენდერობა უკიდურეს ჩაგრულობას და მოწყვლადობას უკავშირდება, მაგრამ სხვა შემთხვევებში ის გენდერული წესრიგის შეუმჩნეველი (?) რღვევისა და უფრო წარმატებული წინააღმდეგობის წყაროა. ტრანსპოლიტიკის დაგეგმვისას ეს ცოდნა უდაოდ გასათვალისწინებელია.

1 ამის საპირისპიროდ, სისგენდერს უწოდებენ ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობაც შეესაბამება იმ სქესს, რაც დაბადებისა თუ პირადობის მოწმობაში უწერია.

2 წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ”, 2016, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ფარმაკოპორნოგრაფი მშრომელი – პოლ ბეატრიზ პრესიადო

Beatriz Preciado
Paul Beatriz Preciado

თარგმანი წიგნიდან: Testo Junkie – Sex, Drugs and Biopolitics in the Pharmacopornographic Era

ისტორიის ყველა პერიოდში, გარკვეული ტიპის შრომა და მშრომელი განსაზღვრავს წარმოების ფორმას, რომელიც დამახასიათებელია კერძოდ ამ ეკონომიკისთვის. უცნაურია, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს შრომა და მშრომელი, რეტროსპექტულად აღმოჩნდებიან ხოლმე გაქრობის საფრთხის წინაშე, რადგან ასეთი შრომა იწარმოება ყველაზე გაუფასურებულ სამუშაო პირობებში. ბამბის მკრეფავი კაცის და ქალის სხეულები და რეპროდუქციული მონის სხეულია ის რაც პლანტაციების ეკონომიკას განსაზღვრავს. ქალის სხეულია რაც თეთრ ჰეტეროსექსუალურ რეპროდუქციას განსაზღვრავს , მეშახტის სხეული ორთქლის ძრავის ეკონომიკას, ჩანაცვლებადი მუშა კაცი და ქალი საკონცენტრაციო ბანაკს, საწარმოს მუშა კაცისა და ქალის სხეულები კი ფორდისტულ ეკონომიკას განსაზღვრავენ. შრომა და ექსპლოატაციის სახეობა რაც დღევანდელ ფარმაკოპორნოგრაფიულ ეკონომიკას განსაზღვრავს, სექს შრომაა, და ამ წარმოების პარადიგმული სხეული ემიგრანტ მეძავს, ტრანსგენდერ სექს მუშაკს ან/და პორნო მსახიობს ეკუთვნის .

მოჩვენებით წარმოებას (ლეგალური ავტორიზებული მერჩენდაიზის წარმოება) და რეალურ წარმოებას (აღგზნება-ფრუსტრაციის ღირებულების წარმოება) შორის განსხვავება სექს მუშაკიის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის არცერთი კატეგორიის მწარმოებელი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა უფრო სარისკო სიტუაციაში, ვიდრე პლანტაციურ ეკონომიკაში მომუშავე მონები და საკონცენტრაციო ბანაკების ეკონომიკაში მშრომელი ჩანაცვლებადი მუშები. ნამდვილი, ულტრა-ღატაკი მშრომელები ფარმაკოპორნოგრაფიულ კაპიტალიზმში მეძავები, “აურჩეველი” ემიგრანტები, წვრილი მევაჭრეები, არა თეთრკანიანი და ტრანსგენდერი პატიმრები, საშინაო სამუშაოსა და სხეულებზე მზრუნველი ადამიანები, და ბოლოს, ბავშვები და ცხოველები ( ფარმაკოპორნოგრაფიული წარმოებისთვის ნედლი მასალის რეალური წყარო – კლინიკურ ცდებში მონაწილეობისთვის ან აგრარული მეურნეობის (agri food) ინდუსტრიების მიერ დასამუშავებლად განწირული სხეულები). ყველა მათგანი არასაკმარისად მოქალაქეა. და უბრალოდ არასაკმარისად ადამიანი. ასე, რომ თანამედროვე კაპიტალიზმის დახასიათებისას “შრომის ფემინიზაციის” დამოწმება არამხოლოდ არაადეკვატური, არამედ ტენდენციურია. აჯობებდა გლობალურ ფარმაკოპორნოგრაფიულ რეჟიმში შრომის პორნიფიკაციაზე და რასიალიზებულ და ტრანსგენდერი სხეულის წარმოებაზე გვესაუბრა.

აქამდე, სექს შრომა და რეპროდუქციული შრომა არ იყო ინტერესის საგანი მდედრ სუბიექტზე მიკერებული ღირსების გამო, რომელიც მისი სექსუალური სერვისების კომოდიფიკაციით სრულიად შელახულად იგრძნობდა თავს. სწორედ აქ არის, როცა “შრომის ფემინიზაციის” მემარცხენე თეორიტიკოსები ისტორიის განმავლობაში ქალის აუნაზღაურებელ სერვისებს წამოწევენ წინ, როდესაც საუბრობენ ხალხისა და ნივთების ჰიგიენაზე, დიასახლისობაზე, შვილების განათლებაზე, მოხუცებისა და ავადმყოფების მოვლაზე, კოოპერაციის და სოლიდარობის ქსელებზე, მაგრამ გამოტოვებენ სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებს, რომლებსაც არანაკლები წილი უკავიათ აუნაზღაურებელ შრომაში. თითქოს, განზრახვით ან მის გარეშე, ისინი იცავენ სექსუალობის სფეროს ეკონომიკური წარმოებისგან, ამით კი მას ადამიანური აქტივობების წმინდა ზონად აქცევენ.
მაგრამ როგორ შეიძლება, რომ არავინ ითვალისწინებს შემდეგ ფაქტს: პოლიტიკური პასუხისმგებლბები, სასკოლო განათლება, ან მუსიკალური შემოქმედება არის თავისუფალი სივრცე ყველასთვის, მაშინ, როდესაც ჩვენ კვლავ გვჯერა იმის, რომ თუკი შევინარჩუნებთ სექს სამუშაოს და უფასო რეპროდუქციულ სერვისებს (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღარიბთა და პოლიტიკურად სავალდებულო სერვისებს) ნუთუ ეს ექვივალენტურია იმისა, რომ შევინარჩუნოთ ძირითადი ღირსება ქალის, ფართო გაგებით კი – მთლიანად კაცობრიობის?

კაპიტალის ტრანსფორმაციის პროცესის ანალიზების უმეტესობა უბრალოდ თავს არიდებს ფარმაკოპორნოგრაფიული წარმოების წებოვან პრობლემას. “შრომის ფემინიზაციის” და “შრომის გაქალების” ცნებები, როგორც მოყვანილია კრისტიან მარაცის, მაურიციო ლაზარატოს, ტონი ნეგრის და ჯუდიტ რეველის მიერ, ბუნდოვანს ხდის რეალურ მიზეზს თუ რატომ გაჩნდა გენდერის შემასმენელი (ამ შემთხვევაში გენდერი არასწორად დაყვანილი ქალურობამდე) კაპიტალიზმის ტრაექტორიის ახლანდელი ცვლილების დასახასიათებაში. არაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ახალი პოსტ-ფორდისტული ეკონომიკის შრომის მოდელი უფრო “ფემინურია” ვიდრე ინდუსტრიული მოდელი იყო. შესაძლებელია რომ ქალები, როგორც მონები არ მუშაობდნენ ბამბის მდელოებზე? შესაძლებელია რომ ისინი პირველები არ ფუთავდნენ სარდინებს შეკრებილ რიგებში, ან არ მუშაობდნენ ნაჭრის ინდუსტრიაში, ან არ ამზადებდნენ სმარტ ბარათებს მაიკროსოფტისთვის? შრომის პროგრესული კაზუალიზაციის(progressive casualization of work) “ფემინურად” დახასიათება გულისხმობს წინასწარ-განსაზღვრულ ჰეტეროზენტიზმს, სექსუალური განსხვავების მეტაფიზიკას, და “გენდერის რიტორიკის” პრეკონდიციას რომლის მიხედვითაც, დარწმუნებული, მყარი და მუდმივი გულისხმობს ინდუსტრიულს და კაცურს, ხოლო მოქნილი, გამოცვლადი, მობილური და სარისკო (precarious) გულისხმობს პოსტ-ინდუსტიულს და ქალურს.

მოდით ამ გენდერულ ურთიერთობაზე შრომის თანამედროვე პორნიფიკაციის ჭრილში ვიფიქროთ. შრომის ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესის “ფემინიზაციის” პირობით დახასიათება, მხოლოდ იმ ფაქტით გამართლდება, რომ სის და ტრანს- ქალის სხეულის ვირტუალური და ფაქტუალური წარმოება და ქალურობის პერფორმანსია ის, რაც მსოფლიო ჰეტეროყლეს აყენებს. თუმცა ისიც მართალია, რომ მნიშვნელოვანი წილი ჰომოყლეების დგება ბიჭების ტრაკებზე და სხვა ყლეებზე ან და ლუბრიკანტიან ანუსებზე. მოდით ამას დავამატოთ ქალების სხეულებზე მომუშავე ახალი მასტურბატორული მექანიზმები. თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად ექსპლოატირებულნი, მათ შეიძლება მალე ფარმაკოპორნოგრაფიული წარმოების სარგებლისთვის ახალი პლატფორმა წარმოადგინონ. მაგრამ, ზოგადად რომ ვისაუბროთ, ფაქტია და თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ აქამდე სის-ქალები (და მცირე მასშტაბით, ტრანსქალები და ზოგიერთი ეროტიზებული სის-კაცი) იყვნენ ისინი, ვინც მსოფლიოს ყლის აყენების დავალებას ასრულებდა. მაგრამ არაფერი აჩვენებს ან ამართლებს იმას, რომ სის-ქალებს მოეთხოვოთ ამ საქმის მიხედვა გააგრძელონ.

სექს შრომის და პორნოგრაფიის ექსპლოატაციის ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის აქ მომუშავეთა სოციალური უძრაობა(Immobility), შეუძლებლობა დატოვონ წარმოების ეს სფერო და შეასრულონ სხვა ფორმის ნაკლებად ღარიბი სამუშაოები. წარმოების არსებულ მდგომარეობაში, სექს და პორნოგრაფიული შრომა ესქპლოატაციის ყველა ურთოერთობას ონტოლოგიური ლიმიტებამდე უბიძგებს. დროში როცა შრომა ხდება მოქნილი, პროფესიული გარდაქმნა კი რუტინა, სექს შრომა ყველაზე ეფექტურად ახერხებს მისი მუშაკები დაიყვანოს ბუნებრივ არსამდე, იარლიყი მიაკრას ცხოვრების ბოლომდე და ამით საკმაოდ გაურთულოს სხვა შრომის ბაზარზე დასაქმება.

დღეს ფარმაკოპორნოგრაფიულ ინდუსტრიაში მომუშავეები შეგვიძლია კასტას შევადაროთ, , დაწყევლილ არსებებს, რომლებიც სხვა შრომის ბაზრებზე უვარგისები არიან, მიუხედავად ფარმაკოპორნოგრაფიულ სერვისებში მათი კარიერის მოკლე ხანგრძლივობისა( საშუალოდ ხუთი წელი).

ეს პრობლემა ნინა რობერტსთან, გამორჩეულ ფრანგ პორნო-ტერორისტ მსახიობთან განვიხილე. მისი ანალიზის მიხედვით “ფილმებში მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთი პორნო მსახიობი ქალი წონაში ძალიან იმატებს, ასე არიდებენ თავს ცნობადობას და საკუთარი თავის დესექსუალიზაციას ახდენენ, რომ საყიდლებზე ისე წავიდნენ, რომ ვინმემ გამაგრებული ყლეების მაძებარ ბოზებად არ ჩათვალოს.” თავში აზრი მომდის, რომ მათთვის უფრო იოლი იქნებოდა ტესტოსტერონი მიიღონ და გენდერი შეიცვალონ. ამ გზით, ისინი შეძლებდნენ საკუთარი თავის ტრანსფორმაციას თავაზიან და ანონიმურ მომხმარებლებად , თმიანი ხელებით და დაბალი ხმებით. ასეთი მეტამორფოზა პოლიტიკური კომპენსაციის ფორმა იქნებოდა, კულტურული ანაზღაურება, თმიანი ხელის საბაზისო ჰეტეროსექსუალური მასტურბატორის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებისთვის. ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა, რომ ატყნაურებული ძუკნა ამოფარებულია პორნოს ანონიმური მომხმარებლის თვისებებს, რომელიც ფლობს დომინანტური მზერის ფუფუნებას, ეს მიიღწევა თვეში რამდენიმე მილიგრამი ტესტოსტერონით მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში. უცნაურია რომ, ასეთი გაუგონარი ტრანსფორმაცია რეპრეზენტაციის ჰეგემონიური სუბიექტის ადგილის მიღწევას და პორნოგრაფიული უჩინარობის ფუფუნებას მყისვე უზრუნველყოფდა. გენდერის ცვლილება ასევე შეიძლება დავინახოთ როგორც შემთხვევა პორნო კარიერაში დაბრუნებისთვის, რომელიც ასე ხანმოკლეა სის-ქალებისთვის. თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტს, რომ პროფესიული გზა X-რეიტინგის ქალი მსახიობისთვის უფრო და უფრო მოკლდება (რთულია 25 წლის ზემოთ ყურადღების ცენტრში დარჩენა) , შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მენდი ბრაითი, ჯესი ჯეინი, ჯენა ჯეიმსონი, ან ნინა ჰართლი მასტექტომიის შემდეგ, “რეალ სქინ” XL ზომის დილდოებით შეიარაღებული, იწყებენ ახალ კარიერას როგორც მომხიბლავი პორნო დენდიები, რომ ყველა როკოს და ნაჩოს უზურპირება მოახდინონ…თავს შევიკავებ იმ კომენტარების ნიაღვარიდან, რა ფარმაკოპორნო სიამოვნება შეიძლება მოეტანა ნინა რობერტსის ტექნო გაძლიერებულ ვერსიის ნახვას, თუ როგორ უსრულებს ყველა სხვა პორნო ვარსკვლავს.

ამ მომენტისთვის, პროსტიტუციის შეზღუდვა შრომის კატეგორიებიდან, როგორც ამას დასავლეთის სამთავრობო ინსტიტუციების კავშირები და კანონები განსაზღვრავენ და პორნოგრაფიის წარმოების და დისტრიბუციის წრეების კონტროლი, რომელიც ხელს უშლის პორნოგრაფიის მოთხოვნას როგორც კინემატოგრაფიულ ინდუსტრიას, იყოს თანასწორი სხვა გართობის ინდუსტრიებთან, არ არის შედეგი სურვილისა, რომ დაიცვან ქალთა უფლებები, რომლებიც ეჩეხებიან ბაზარზე მათი სხეულის ობიექტივიზაციას, რასაც სხვადასხვა მემარჯვენე, მემარცხენე და ფემინისტური ხმები უნისონში ახმოვანებდნენ. სრულიად საწინააღმდეგოდ. თუ ნათელია აუცილებლობა იმისა რომ.. უარი ეთქვას სექსის შრომის, ეკონომიკური გაცვლის, სერვისების ან კონტრაქტების ობიექტად ქცევას, ეს იმიტომ, რომ პოტენციური შრომის კატეგორიის გახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კაპიტალიზმის სულის ეგრეთ წოდებულ პურიტანულ ღირებულებებს, ან სულაც უარესი, ნათელს ხდის მათში არსებულ რეალურ პორნო ღირებულებებს.

ამგვარად, რაც სტეიკზე იწვის არის ფარმაკოპორნოგრაფიული კაპიტალიზმის ნამდვილი ძრავების საჯაროდ გამოჩენისგან თავის არიდების თავისებური გზა, ნებისმიერი მეთოდით თავის არიდება სოციალური პანიკისგან, რომელიც გამოწვეული იქნება შემდეგის გაცხადებით: ის რაც მსოფლიო ეკონომიკას ინარჩუნებს არა რაციონალობა და წარმოებაა, არამედ potentia gaudendi-ა(სხეულის პოტენციალი, ორგანიზმის გამძლეობა, ორგაზმული ძალა). და ეს არის პანიკა, რომელიც მოახდენდა შრომის ტოტალურ დისლოკაციას, როგორც თანამედროვე საზოგადოებების ფუნდამენტურ ღირებულებას. პანიკა იმის აღიარებით, რომ ორთქლის ძრავის და ფორდიზმის ეკონომიკების უკან იმალებოდა გიგანტური ომი-პორნო-წამალი-ციხის ინდუსტრიული კომპლექსი.

“ჩემი სხეული მე მეკუთვნის” (ჩემი სხეული ჩემი საქმეა)

czarny
ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სხეული და ცნობიერება პოლიტიკური და სოციალური პროცესების გავლენით ყალიბდება (მაგალითად, იკვებება იმით, რაც უკვე შექმნილია წინაპრების მიერ და იქმნება ახლაც, მისი დახმარებით, თუ დაუხმარებლად და ეს განსაზღვრავს და შემოსაზღვრავს მის სხეულს) და შესაბამისად მისი გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან მიმართებაშიც კი არ უნდა იყოს თვითნებური და უნდა ითვალისწინებდეს ყველაფერ იმას, რასაც მასზე გავლენა აქვს (საზოგადოება, იდეოლოგია, რელიგია, ცხოვრების წესი).
სხვები ფიქრობენ, რომ ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან და ცნობიერებასთან დაკავშირებით, თუნდაც ევთანაზია, თუნდაც განწყობის გამო და პოლიტიკური და სოციალური გარემო არაფერს შუაშია.
არცერთს არ ვეთანხმები, მაგრამ ორივეს ვითვალისწინებ, მიუხედავად იმისა, რომ გნიდა ვარ.
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენი სხეული ჩვენ არ გვეკუთვნის მთლიანად („მთლიანად“ არის აქ საკვანძო სიტყვა), მაგრამ ჩვენი სხეული ჩვენ უფრო გვეკუთვნის, ვიდრე სხვას, ან სხვებს! ჩვენი სხეული ჩვენ უფრო გვეკუთვნის, ვიდრე ჩვენ შეყვარებულებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს, შვილებს და მშობლებს.
ჩვენ გვაქვს უფლება თავი ავარიდოთ საფრთხეს და უსიამოვნებას და რადგან საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვფლობთ და ცხოვრებაში გვეხმარებიან, არ ვართ ვალდებული, მადლიერების ნიშნად უსიამოვნება და საფრთხე მივიღოთ.
ჩვენი ურთიერთობა სხვებთან ისეთივე უნდა იყოს, როგორიც სხვების ურთიერთობა ჩვენთან.
ჩვენი მომავალი შვილები, რომლებიც ჩვენ სხეულებში ვითარდებიან, მთლიანად (ისევ ეს მთავარი სიტყვა) არ გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ უფრო გვეკუთვნის, ვიდრე ჩვენ შეყვარებულებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს, შვილებს და მშობლებს. თუ მომავალი შვილი საფრთხე და უასიამოვნებაა სხეულისთვის და ცნობიერებისთვის, განადგურდეს!

ოჯახი

wegegrgღარიბი ცალფეხა ბავშვები მამებს ეცოდებათ, მერე ბრაზდებიან ამაზე და იტყუებიან, ვითომ უყვართ.
ოჯახი არ დაგიჭერს მხარს თუ არ აკმაყოფილებ მის კაპრიზებს. ოჯახი შენგან ითხოვს საკუთარ თავზე უარის თქმას მისი კაპრიზების სანაცვლოდ და არა შენს კაპრიზებზე უარის თქმას ერთობლივი სამართლიანი ცხოვრების სანაცვლოდ. ოჯახის კაპრიზია მისი წევრების წარმატებულობა ვიწრო გაგებით. უნდა იყო ჯანმრთელი და ძლიერი, ჩაგვრის, დამცირების, არასრულფასოვანი კვების, მუდმივი სტრესის მიუხედავად. უნდა განვითარდე იმდენად, რომ ოჯახის რჩენა შეძლო/გინდოდეს და არავითარ შემთხვევაში მეტად, ან ნაკლებად. ოჯახს არ უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. მას უყვარხარ ისეთი, როგორიც მისთვის იქნები მომგებიანი. ასეთი სიყვარული არ არსებობს. საკმარისი იქნებოდა შენგან ითხოვდნენ იმ მინიმუმს, რაც არსებობისთვის გჭირდება და იქნებ მეტიც გაგეღო, მაგრამ არ არის ასე კარგად ყველაფერი.
ოჯახის დამორჩილებული წევრებიდან ზოგიერთმა შეიძლება გაბედოს შენი სიყვარული, წნეხის მიუხედავად, მაგრამ ვერანაირი ცვლილება ვერ შემოგთავაზოს უკეთესობისკენ და ვერც შენგან მიიღოს რჩევა.
სევდიანია იმის გაცნობიერება, რომ ღარიბებისთვის არჩევანის არსებობა მუდმივი უიმედობის და წამიერი თავზეხელაღებულობის შედეგია. ვიღაცა გარისკავს და იპოვის იმ წამს, საიდანაც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, ვიღაცისთვის ეგ წამი სიკვდილი აღმოჩნდება და ვიღაცა საერთოდ ვერ გაარტყამს ვერასდროს.
ძალადობაში მსხვერპლიც ისევე მონაწილეობს, როგორც მოძალადე და ძალადობა თუ არ გინდა, მოგიწევს იძალადო.
თუ ვინმე ოჯახში სიყვარულს გაბედავს, მას დასჭირდება თითქმის წარმოუდგენელი ენერგია მთელ იმ კაპრიზებთან დასაპირისპირებლად, რაც მის წინააღმდეგ გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლადაა შემუშავებული, ყალბი სიყვარულით შეფუთული და ახალ ოჯახში გადასანაცვლებლად განწირული.

ფემინიზმი არ არის ჰუმანიზმი

 

goya5

ფემინიზმი არ არის ჰუმანიზმი

ერთ-ერთ თავის “უსასრულო ინტერვიუში” ჰანს ულრიხ ობრისტმა მთხოვა დამესვა გადაუდებელი კითხვა რომელსაც არტისტებმა და პოლიტიკურმა მოძრაობებმა ერთად უნდა უპასუხონ. ჩემი კითხვებია: “როგორ უნდა ვიცხოვროთ ცხოველებთან ერთად?” “როგორ ვიცხოვროთ მკვდრებთან ერთად?”
სხვებმა იკითხეს: “და ჰუმანიზმი? და ფემინიზმი?” ქალბატონებო და ბატონებო და დანარჩენებო, ერთხელ და სამუდამოდ, ფემინიზმი არ არის ჰუმანიზმი. ფემინიზმი ანიმალიზმია. სხვა სიტყვებით, ანიმალიზმი გაფართოებული ფემინიზმია და არა ანთროპოცენტრიზმი.

პირველი მანქანები ინდუსტრიულ რევოლუციაში ორთქლის ძრავები არ იყვნენ, არც მბეჭდავი პრესა და არც გილიოტინა… არამედ მონები პლანტაციებში, სექს და რეპროდუქციული მუშაკები, და ცხოველები. პირველი მანქანები ინდუსტრიულ რევოლუციაში ცოცხალი მანქანები იყვნენ. ჰუმანიზმმა მაშინ შექმნა ახალი სხეული რასაც ის ადამიანს დაარქმევდა: სუვერენული, თეთრი, ჰეტეროსექსუალი, ჯანმრთელი, პირველადი სხეული.
დაშრევებული სხეული, ბევრი ორგანოებით, სავსე კაპიტალით, ჟესტებით, რომლებიც დროით იზომება და რომლის სურვილებიც სიამოვნების ნეკროპოლიტიკური ტექნოლოგიის შედეგებია. თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა: ანიმალიზმი ჰუმანიზმის უნივერსალურ პრინციპებში კოლონიურ და პატრიარქალურ ფესვებს ამხელს. მონობა და შემდეგ ხელფასიანი შრომა არის თანამედროვე “კაცის” თავისუფლების საძირკველი. სიცოცხლის და ცოდნის ექსპროპრიაცია (გასხვისება) და სეგმენტაცია (დანაწევრება) თანასწორობის სანაცვლოა. ომი, შეჯიბრი და მეტოქეობა, კი ძმობის მაფუნქციონირებელი.

შესაბამისად, რენესანსი, განმანათლებლობა, ინდუსტრიული რევოლუციის სასწაული, დგას მონების და ქალების, ცხოველების სტატუსამდე და შემდეგ ამ სამივეს (მონების, ქალების და ცხოველების) (რე)პროდუქციულ მანქანებამდე დაყვანაზე. თუ ცხოველს ერთ დღეს მოექცნენ როგორც მანქანას, მანქანა ნელ-ნელა იქცა ტექნოცხოველად,რომელიც ცხოვრობს ტექნოცოცხალ ცხოველებთან (მონები,ქალები) ერთად. მანქანები და ცხოველები (მიგრანტები, სხეულები, ფარმაკოპორნოგრაფები, პირველი კლონირებული ცხვრის, დოლის შვილები, ელექტრონუმერული ტვინები) აფუძნებენ საკუთარ თავს როგორც ანიმალიზმის მომავალ პოლიტიკურ სუბიექტებს. მანქანა და ცხოველი კვანტური ომონიმები არიან.

მთელმა ჰუმანისტურმა თანამედროვეობამ სიკვდილის ტექნოლოგიების გავრცელების მეტი არაფერი იცოდა, ანიმალიზმმა ახალი გზები უნდა მოიფიქროს მკვდრებთან საცხოვრებლად. პლანეტასთან როგორც გვამთან და აჩრდილთან, რომ გარდაქმნას ნეკროპოლიტიკა ნეკროესთეტიკად. ანიმალიზმი შედეგად იქცევა დაკრძალვის ზეიმად, გლოვის ზეიმად. ანიმალიზმი სამგლოვიარო რიტუალია, დაბადება, ჰუმანიზმის მსხვერპლების გარშემო ყვავილების და მცენარეების საზეიმო კრება . ანიმალიზმი განშორება და ჩახუტებაა. ქვიარ მკვიდრობა, პლანეტარული პანსექსუალიზმი, რომელიც არსებების და სქესების საზღვრებს სცდება და ტექნოშამანიზმი, სახეობათაშორის კომუნიკაციის სისტემა, ამ გლოვის აპარატები(ხელსაწყოები) არიან.

ანიმალიზმი არ არის ნატურალიზმი. ის სრულად რიტუალური სისტემაა. კონტრ-ტექნოლოგია ცნობიერების წარმოებაში. ის სიცოცხლის ფორმასთან საუბრის ფორმაა, სუვერენულობის და იერარქიის გარეშე. ანიმალიზმი აწესებს საკუთარ კანონს, საკუთარ ეკონომიკას. ანიმალიზმი არ არის კონტრაქტული მორალიზმი. ის უკუაგდებს კაპიტალიზმის ესთეტიკას და მის მიერ მოხმარების სურვილის (ნაწარმის,იდეების, ინფორმაციის, სხეულების) დატყვევებას. ის არ დგას არც მიმოცვლის და არც პერსონალურ ინტერესებზე. ანიმალიზმი არ არის ერთი კლანის შურისძიება მეორეზე. ანიმალიზმი არ არის ჰეტეროსექსუალიზმი ან ჰომოსექსუალიზმი, არც ტრანსსექსუალიზმია. ანიმალიზმი არც მოდერნულია და არც პოსტმოდერნული. შემიძლია განვაცხადო ხუმრობის გარეშე, ის არც ოლანდიზმია. ანიმალიზმი არც სარკოზიზმია ან ბლომარინიზმი. ანიმალიზმი არ არის პატრიოტიზმი და არც მატრიოტიზმი. ანიმალიზმი არ არის კაპიტალიზმი ან კომუნიზმი. მისი ეკონომიკა არა-მეტოქეობრივი სარგებლის განაწილებაა. ფოტოსინთეტური თანამშრომლობა, მოლეკულური სიამოვნება. ანიმალიზმი ქარია რომელიც უბერავს. ეს არის გზა რომელზეც ატომების ტყის სული კიდევ იჭერს ქურდებს. ადამიანებმა, ნიღბიანმა ტყის ინკარნაციებმა უნდა მოიცილონ ადამიანის ნიღაბი და თავიდან შეინიღბონ ფუტკრების ცოდნით.
ცვლილება, რომელიც საჭიროა, ისეთი ძირეულია, რომ შეუძლებლად მიიჩნევენ. ისეთი ძირეული, რომ წარმოუდგენლად რაცხავენ. მაგრამ შეუძლებელი მოხდება. წარმოსახვა ამად ღირს. რა იყო უფრო შეუძლებელი და წარმოუდგენელი? მონობა, თუ მონობის დასასრული? ანიმალიზმის დრო ასეთი შეუძლებლობის და წარმოუდგენლობისაა. ეს ჩვენი დროა: ერთადერთი რაც დაგვრჩა.

პოლ ბეატრიზ პრესიადო

თარგმანი: http://autonomies.org/it/2015/07/paul-beatriz-preciado-feminism-beyond-humanism-ecology-beyond-the-environment/

უმუშევრობასთან ბრძოლა: სამუშაო ადგილების რეკუპერაცია

FI_WorkLife_FIX_1

მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისსა და “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას ადამიანები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა გამოსავლებს უპირისპირებენ. როდესაც მთავრობა უარს აცხადებს უმუშევრად დარჩენილთა დახმარებაზე, ამ უკანასკნელთა თვითორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ეს სფერო ინოვაციური გამოსავლებით გამოირჩევა.

უმუშევრობასთან დასაპირისპირებლად ერთი ასეთი ახალი გზაა სამუშაო ადგილების რეკუპერაცია (აღდგენა). ეს ნიშნავს იმას, რომ მუშები მთავრობისთვის მოთხოვნების წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ეყრდნობიან – იკავებენ მიტოვებულ სამუშაო ადგილებს და იწყებენ მუშაობას ბოსებისა და იერარქიის გარეშე; ავითარებენ და ამკვიდრებენ დემოკრატიულ ასამბლეებს, თანაბარ ანაზღაურებას, სამუშაო პოზიციათა როტაციას და უფრო ეკოლოგიურ წარმოებას.

რეკუპერაციის პროცესი მუშებმა არგენტინაში, 2001 წლის ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ დაიწყეს, უფრო მოგვიანებით კი ეს პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა. ამჟამად ლათინურ ამერიკასა და ევროპაში ათობით ასეთი სამუშაო ადგილია, არგენტინაში კი – 350-ზე მეტი. მუშათა დემოკრატიული მენეჯმენტის პირობებში არსებული სამუშაო ადგილების მაგალითებია Vio.Me საბერძნეთში, Ri-Maflow, Officine Zero იტალიაში, La Fabrique du Sud საფრანგეთში.

დაიკავე, იბრძოლე, აწარმოე!

რეკუპერაცია განსხვავდება სამუშაო ადგილის ტრადიციული ოკუპაციისგან, როდესაც მუშები უყენებენ მოთხოვნებს მესაკუთრეებს. რეკუპერაციის დროს მუშები ახორციელებენ ფორმულას, რომელიც არგენტინულ მოძრაობებში გამოიყენებოდა: “დაიკავე, იბრძოლე, აწარმოე”.

რეკუპერაცია თავისთავად ნიშნავს იმ ადგილის დაკავებასა და ამუშავებას, რომელსაც მუშები ისედაც თავიანთ კოლექტიურ კუთვნილებად მოიაზრებენ. ბრძოლის საჭიროება თავისთავად ცხადია, რადგან ოკუპაციას როგორც წესი, მთავრობისა და ყოფილი მფლობელების წინააღმდეგობა მოყვება ხოლმე. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობა და აქტიური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მუშებმა ასეთი მხარდაჭერა მიიღეს, რადგან პოლიტიკურ საზოგადოებასაც და განსაკუთრებით, ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმოდა, თუ რა ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონოდა უმუშევრობას.

თუკი ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდება, შემდეგ იწყება წარმოების პროცესი. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ მუშებისთვის ყველაზე ნაცნობია. პრობლემები შეიძლება წარმოქმნას იმან, რომ ხშირად მფლობელებს სამუშაო ადგილების მიტოვებისას რჩებათ ვალები არა მხოლოდ მუშების ხელფასების სახით, არამედ მომმარაგებლებთან და ენერგო-კომპანიებთანაც. ხანდახან მფლობელები საწარმოო დანადგარების გაყიდვასაც ასწრებენ. მსგავსი არასრულფასოვანი ან/და ვალებიანი საწარმოს რეკუპერაციის დროს მნიშვნელოვანი ისევ საზოგადოებრივი სოლიდარობაა. სოლიდარობისა და მუშების ინოვაციური აზროვნების წყალობით შესაძლებელი ხდება დანადგარების შევსება ან წარმოებული საქონლის ტიპის შეცვლა.

ვეროპაშიც და ლათინურ ამერიკაშიც ყოველ რეკუპერაციას მოჰყვა მუშების მიერ ასამბლეების ორგანიზება ჰორიზონტალური პრინციპით და მართვის ისეთი სტილის შემოღება, სადაც ყოველი ხმა და აზრი გათვალისწინებულია. გარდა მართვის დემოკრატიული წესის შემოღებისა, მუშები ხშირად ცვლიან წარმოების წესს და წარმოებულ საქონელსაც. შედეგად, წარმოება ხდება უფრო ეკოლოგიური. ამის მაგალითია Vio.Me-ს ქარხანა საბერძნეთში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ინდუსტრიულ წებოებს და საწმენდ საშუალებებს. რეკუპერაციის შემდეგ მუშებმა თავიანთ ოჯახებთან და მხარდამჭერებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ აღარ სურდათ ტოქსიკური მასალის არც წარმოება და არც მოხმარება. ახლა ისინი აწარმოებენ საპნებსა და საწმენდ საშუალებებს ისეთი ორგანული (და ადგილობრივად მოპოვებადი) მასალის გამოყენებით, როგორიცაა ლავანდა და ზეითუნის ზეთი.

Vio.Me-ს მაგალითი საინტერესოა იმითაც, რომ რეკუპერაცია შედგა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად. 2012 წელს ბოსებისგან 1.5 მილიონი ევროს სახელფასო დავალიანებისა და მთავრობისგან სრული უგულებელყოფის პირობებში მუშებმა სამუშაო ადგილი დაიკავეს. თუმცა მუშებს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი წარმოების დამოუკიდებლად დაწყება; ამის წარმოდგენა უჭირდათ, რადგან საბერძნეთში მსგავსი პრეცედენტი იქამდე არ ყოფილა. მათ იცოდნენ, რომ მთავრობა და ბოსები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ, არგენტინელი მუშების გამოცდილებაზეც სმენოდათ, მაგრამ მათივე თქმით, ყველაფერი ძალიან შორეული ეჩვენებოდათ. საბედნიეროდ, გლობალური და ბერძნული სოლიდარობის ქსელების დახმარებით Vio.Me-ს მუშებმა ფული შეაგროვეს და არგენტინიდან ჩამოიყვანეს მუშა, რომელსაც წარმატებული რეკუპერაციის გამოცდილება ჰქონდა. მასთან შეხვედრისა და მისი გამოცდილების მოსმენის შემდეგ Vio.Me-ს მუშებმა შეძლეს მიეღოთ გადაწყვეტილება და ოკუპაცია რეკუპერაციად გარდაექმნათ.

აღსანიშნავია, რომ Vio.Me-ს მუშების მოქმედებებს პროფკავშირებმა და მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიებმა თავიდან მხარი არ დაუჭირეს. პროფკავშირები იმეორებდნენ ტრადიციული მემარცხენეებისთვის დამახასიათებელ არგუმენტს, რომ სამუშაო ადგილის ოკუპაცია ანტიპროფკავშირული ქმედება იყო, რადგან მათთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა. კომუნისტური პარტია და “სირიზას” წევრების ნაწილი აცხადებდა, რომ რეკუპერაცია მუშებს წვრილ ბურჟუაზიად, მაშასადამე კაპიტალისტებად, აქცევდა და ამიტომ ამ პროცესს მხარს ვერ დაუჭერდნენ. თუმცა პროფკავშირებისა და პარტიების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება კარგიც კი გამოდგა, რადგან ამან სამოქმედოდ გზა გაუხსნა ისეთ სოლიდარულ ჯგუფებს, რომლებიც ლიდერობას არ ესწრაფვოდნენ. მუშებს შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა და სოციალური მოძრაობები. მათი დახმარების წყალობით შესაძლებელი გახდა რეკუპერაციის მხარდასაჭერად მასობრივი აქციებისა და კონცერტების გამართვა, აგრეთვე შეიქმნა დაჯგუფება “სოლიდარობის ინიციატივა”, რომელიც ახლაც ეხმარება მუშებს თავიანთი ბრძოლისა და მოქმედების დაცვაში, გავრცელებასა და გაღრმავებაში. “სოლიდარობის ინიციატივაში” ჩართულნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიების წარმომადგენლები – ანარქისტები, სოციალისტები, კომუნისტები, რადიკალი მემარცხენეები და სხვა. საბერძნეთის სექტარიანული რადიკალური პოლიტიკის პირობებში საერთო მიზნის ირგვლივ მსგავსი გაერთიანება არც ისე ხშირია.

რეკუპერაციის წინააღმდეგ გაისმის არგუმენტები, რომ ეს პროცესი კაპიტალიზმის ალტერნატივას არ წარმოადგენს. თუმცა რეკუპერაციის მნიშვნელობისა და პოზიტიური შედეგების დაკნინება შეუძლებელია. პირველ რიგში, რეკუპერაცია ერთგვარად უმკლავდება ეკონომიკური კრიზისის შედეგებს და იხსნის მუშებს უმუშევრობისგან. უფრო მეტიც, რეკუპერაცია საშუალებას აძლევს მუშებს, დაამყარონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, აღადგინონ და შეიძინონ მეტი ღირსება, პატივი და თავდაჯერებულობა. გარდა ამისა, რეკუპერაციის პროცესი ავითარებს სოციალური ურთიერთობების ახალ ფორმებს. როგორც მაკისი, Vio.Me-ს ასამბლეის წარმომადგენელი ამბობს, ცალკეული სამუშაო ადგილის რეკუპერაცია კაპიტალიზმს არ დაასრულებს, მაგრამ ერთგვარად კოლექტიური ანტიკაპიტალისტური კუნთის შეთამაშებაა და ქმნის მოდელს მუშათა უფრო გაფართოებული თვითმენეჯმენტისა და თვითმმართველი საზოგადოებისთვის.

ტექსტი მომზადებულია მარინა სიტრინის სტატიის Recuperating Work and Life მიხედვით. https://roarmag.org/magazine/marina-sitrin-recuperated-workplaces/