პოსტსაბჭოთა ხელოვანის გადასარჩენად

ჩვენი აზრით პოსტსაბჭოთა ხელოვანის გაუცხოებული, ასოციალური, აპოლიტიკური, მისტიფიცირებული სტაგნაციიდან გამოსავალი არსებობს.

ეს გამოსავალი კოლექტიური თვითგანათლებაა. აუცილებლად კოლექტიური და აუცილებლად თვითგანათლება.

ინდივიდუალური თვითგანათლება ვერ გაწვდება პოსტსაბჭოთა ხელოვანის ხსნისთვის საჭირო მასშტაბებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ „ინგლისურის და კომპიუტერის“ ცოდნას უზრუნველყოფს უპრობლემოდ, უპრეტენზიოდ….

ინსტიტუციონალური სახელოვნებო სკოლა მხოლოდ მატერიალური რესურსის წყაროდ თუ გამოდგება, სხვა მხრივ კოლონიალიზმის, იმპერიალიზმის და ველური კაპიტალიზმის მსახურია. ის აიძულებს პოსტსაბჭოთა ხელოვანს, შექმნას ინდივიდუალური სტილი და გახდეს კერპთაყვანისმცემელი.

პოსტსაბჭოთა ხელოვანი მხოლოდ სტილის დამარცხებით მოიპოვებს თავისუფლებას თავის ხელოვნებაში (თუნდაც ხელოვნებისგან გათავისუფლების ხარჯზე).

მან  უნდა გაანადგუროს ის ერთადერთი იარაღი, რომლის ფლობაც მისი უკანასკნელი იმედია საბჭოთა სახელოვნებო სკოლიდან დასავლურ, ლამაზად მოწესრიგებულ სანაგვეზე წარუმატებელი ნახტომისთვის.

პოსტსაბჭოთა ხელოვანმა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მიუხედავად, უნდა იაზროვნოს ანალიტიკურად, სტილიზებული რეალობის მიღმა. შეიძლება პარალელურად იოცნებოს, იმედიტიროს, გაიქცეს, დაიმალოს, მაგრამ ანალიტიკური აზროვნება გარდაუვალია.

ანალიტიკურ აზროვნებას აუცილებლად მივყავართ კოლექტიური თვითგანათლების საჭიროებამდე. კოლექტიურ თვითგანათლებას, თავისმხრივ – კონცეფციამდე და იდეოლოგიამდე (ამ პროცესში კოლექტიური თვითგანათლების ბნელ მხარეებსაც დავინახავთ, მაგრამ ეს რა მოსატანია, ამაზე სხვა დროს). ის მიგვახვედრებს, რომ უშინაარსო სტილი, პასუხისმგებლობით შეურაცხყოფილი ინფანტილიზმი, ფსიქიკური აშლილობა და სევდიანი ჰეროიზმი არც რომანტიულია და არც რამენაირად პატივსაცემი. რომ ეს უბრალოდ რეაქციაა, ჩვეულებრივი რგოლი მიზეზშედეგობრივ ჯაჭვში, რომელიც საკმაოდ შორსაა ინტენციონალური აქტისგან.

პოსტსაბჭოთა ხელოვანმა უნდა ჩაატაროს ერთი სასარგებლო ექსპერიმენტი, ყველაფერი, რაც სწორად მიაჩნია, გააკეთოს საწინააღმდეგოდ.