ევროპა უნდა დაეცეს!

12139999_429867053881813_7620344451994416648_o

იმით უნდა დავიწყოთ, რომ საზღვრების არსებობა უკვე შეცდომაა.

მათ შორის გადაადგილებისთვის ვიზის საჭიროება კი ადამიანების შეურაცხყოფა, რადგან ვიზის მიღება ნიშნავს დაიმსახურო ნდობა, რომ ღირსი ხარ რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში მოხვედრის.

ძირითადად ამ ნდობის მოპოვება უწევთ ადამიანებს პერიფერიებიდან (ე.წ მესამე სამყაროდან) რომ მოხვდნენ ცენტრში, მაღალ-განვითარებულ ტერიტორიებზე. პირიქით ცენტრიდან პერიფერიაში გადაადგილების მსურველებისთვის კი, შეზღუდვა თითქმის არ არსებობს. მაგალითად აშშ-ს, კანადის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის თითქმის მთელი მსოფლიო ღიაა. (ღიაობაში აუცილებლად უვიზო რეჟიმი არ იგულისხმება, მაგრამ ვიზის მიღება როგორც წესი უმარტივესი ფორმალობაა)

გეოგრაფიულ ერთეულებში განვითარების დონის მიხედვით შექმნილი იერარქია საჭიროებს საზღვრების არსებობას, მაგრამ მთავარი კითხვა დაისმის თუ როგორ შეიქმნა ეს იერარქია, ანუ როგორ მიაღწია პირველმა სამყარომ ასეთ დონეს?

ისტორიულად ცხადია, რომ ასეთი განვითარება, მატერიალური თუ კულტურული სიმდიდრე საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეების დაპყრობის, დამონების და ძარცვის შედეგია. დღესაც კი პირველი სამყაროს ქვეყნები დანარჩენების მონური შრომით (დეტერიტორიალიზებული კაპიტალიზმი), ასევე იარაღის წარმოებით* და მისი კონფლიქტურ რეგიონებში გაყიდვით იკვებება. ასეთი პოლიტიკის მეშვეობით ნარჩუნდება სამყაროში ცენტრი და პერიფერია. ცენტრი რომელიც განსაზღვრავს თამაშის წესებს, პერიფერია რომელსაც უნდა ცენტრის ნაწილი იყოს ან მასთან ახლოს იმყოფებოდეს.

ჩვენს ლოკალურ მაგალითზე ამ თამაშის მიმდინარეობა ძალიან ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ საქარველო უმარავი მახასიათებლით მესამე სამყაროს ნაწილია (მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით, კოლონიური წარსულით) , აქ მუდამ იწარმოება დისკურსი, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩაგრულ მხარეს არ მიეთვლება, იმპერიებთან მიკედლება (დასავლეთი,რუსეთი…) ადგილის დამკვიდრების ერთადერთ გზად მიიჩნევა. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა ევროპული მომავლის და ღირებულების, თუმცა თავად ეს ღირებულებები და ევროპის ისტორია ერთმანეთთან დიდ წინააღმდეგობაში მოდიან.

ევროპა და ყველა სხვა იმპერია უნდა დაეცეს! არ გვჭირდება სამყაროს დაყოფა ცენტრებად და პერიფერიებად. არ გვჭირდება მათ შორის აღმართული საზღვრები და ამ საზღვრებში მოცემული “სამადლო” უფლებები. თავისუფალი გადაადგილება უბრალოდ უფლება კი არა, ნებისმიერი ადამიანის სასიცოცხლო აუცილებლობაა. ჩვენ კი ამ და სხვა აუცილებლობებზე უფლება, სახელმწიფოებსა და იმპერიებისთვის დაგვითმია. მიზანი არა ვიზალიბერალიზაცია არამედ თავისუფლებაში ხელის შემშლელი სტრუქტურების განადგურებაა!

 

 

 

————————————————————————————————————–

* 2014 წელს მსოფლიოში უმსხვილესი, იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების სია:

1 . აშშ

2. რუსეთი

3. ჩინეთი

4. საფრანგეთი

5. გერმანია

6. გაერთიანებული სამეფო

7. ისრაელი

8. ესპანეთი

9. იტალია

10. უკრაინა