როგორ ავარიდოთ თავი გათხოვებას

12347837_209228429409942_1755341462546691605_n

“ქალისთვის გათხოვება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია! აბა უპატრონოდ ხომ არ დარჩები?”

გათხოვდი და გახდი ნამდვილი ქალი…”

გათხოვდი რად გინდა ამდენი სწავლა”

ისწავლეთ ბიჭებო ისწავლეთ!!! თქვენ უნდა ისწავლოთ, თორემ ეს ლამაზი გოგოები აქ რო მისხედან გათხოვდებიან და ქმარი მიხედავს!!!”

როდემდე უნდა იარო ესე? დედაშენს შვილიშვილები უნდა!”

სახეზე გამონაყარი ასაკობრივია, გათხოვდები და გაგივლის. 19 წლის ხარ? მაშინ რაღას უცდი, დროა უკვე…”

უკვე დროა, დაოჯახებაზე იფიქრე!”

ეს არის ციტატების ნაწილი “16 დღის” კამპანიიდან (https://www.facebook.com/media/set/?set=a.205402799792505.1073741831.204238016575650&type=3), სადაც ქალები იმ სიტყვებს წერდნენ, რომლებიც მათ მოძალადეებმა უთხრეს. 110 მონაწილიდან 25-ის კონტრიბუცია უშუალოდ და ექსპლიციტურად “გათხოვების” თემას ეხება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კამპანიის სახელია “ამხილე ძალადობა”, მაშასადამე, მონაწილეებს აღნიშნული გამონათქვამები მათზე განხორციელებულ ძალადობად მიაჩნიათ. ეს გამონათქვამები ეკუთვნით დედებს, მამებს, ბებიებს, ნათესავებს, მეზობლებს, ლექტორებს, ექიმებს. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ჯურის “კეთილისმსურველებს” და ფაქტობრივად – მთელ საზოგადოებას. “გათხოვების” მოთხოვნები იწყება საკმაოდ პატარა ასაკიდან. მაგალითად, ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ მას 14 წლის ასაკიდან აწუხებდნენ. 24-25 წლის სუბიექტი კი უკვე “ჩაბერებულად” მიიჩნევა, ამიტომ “კეთილისმსურველები” ქალებს მიუთითებენ, რომ დროულად უნდა “გათხოვდნენ”.

საზოგადოება ქალებს განუსაზღვრავს კერძო სფეროს (ოჯახს) როგორც მათი საქმიანობის არეალს. მათი “ქალურობა” რეალიზდება იმაში, რომ შვილებს გააჩენენ და ოჯახს მოუვლიან. სამაგიეროდ, მათ “ქმარი მიხედავს”, ეყოლებათ “პატრონი”. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცები, ქმრები, რომელთა საქმიანობის არეალი საჯარო სფეროა (საზოგადოება), ქალებს ეკონომიკურად უზრუნველყოფენ. ქალებისთვის “ადგილის მიჩენის”, მათი კერძო სფეროში განწესების მეორე მხარეა ის განცხადებები, რომ გოგოებისთვის სწავლა მეორეხარისხოვანი უნდა იყოს და პოლიტიკა, ქირურგობა, პროგრამისტობა, არქიტექტორობა ქალის საქმე არ არის (ამასაც აღნიშნული კამპანიის მონაწილეებს ეუბნებოდნენ).

მოცემული ფაქტები/ძალადობა წარმოადგენს დომინანტური იდეოლოგიის გამოვლინებას, რომელიც ცდილობს, ქალები პატრიარქატის, კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენოს.

  • პატრიარქატს სჭირდება მეორეხარისხოვანი არსებები (ქალები), რომლებიც მამაკაცებს ძალაუფლებაში, პრესტიჟსა და მაღალანაზღაურებად სამსახურში არ შეეცილებიან; ამის ნაცვლად, ისინი გააჩენენ და აღზრდიან მამაკაცთა შვილებს, დააკმაყოფილებენ სექსუალურად და საერთოდ, ყოველმხრივ მოემსახურებიან.

  • კაპიტალიზმი შესანიშნავად იყენებს პატრიარქატს სათავისოდ (თუმცა მეორე მხრივ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქატი იყენებს კაპიტალიზმს): კაპიტალიზმს, ისევე როგორც მამაკაცებს, ხელს აძლევს ქალების აუნაზღაურებელი შრომის არსებობა ოჯახში. გარდა იმისა, რომ მამაკაცთა და ბავშვების მოვლა-პატრონობა სისტემისთვის “ზედმეტი ხარჯი” აღარაა, იგივე სისტემა ქალებს ოჯახს გარეთაც იყენებს, მაგრამ მათი საშუალო შემოსავლები ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების (http://tanastsoroba.ge/ka/publications/10). ეს იმიტომ ხდება, რომ პატრიარქატის და კაპიტალიზმის ნაწარმოები იდეოლოგიის მიხედვით, წესით, ქალის ადგილი საჯარო სივრცეში არაა, იგი უბრალოდ შემოჭრილი “უცხოა”; თუკი მას სურვილი აქვს, რომ არჩინოს საკუთარი თავი ან/და შვილები, ეს არალეგიტიმური სურვილია. თეორიულად, სისტემა ქალის ფიზიკურ არსებობას უშვებს ერთადერთ შემთხვევაში – იგი უნდა ემსახურებოდეს მამაკაცს/ებს და კაპიტალს. ამასთანავე, თუ ქალი მაინც “შეიჭრება” საჯარო სივრცეში და ოჯახს გარეთ მუშაობას იწყებს, ეს როგორც წესი, მის “ოჯახურ მოვალეობებს” არაფერს აკლებს. ამრიგად, ქალს უწევს “ორმაგ ცვლაში” მუშაობა – ჯერ სამსახურში (ზოგ შემთხვევაში ანაზღაურებადი შრომა), შემდეგ კი სახლში (აუნაზღაურებადი შრომა). კაპიტალისტები მდიდრდებიან ქალის ეკონომიკური, სექსუალური თუ ემოციური ექსპლუატაციის ხარჯზე როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთ.

  • სახელმწიფოსაც ხელს აძლევს ქალების “დაოჯახება” და მათთვის რეპროდუქციული ფუნქციის შესრულების იძულება. მრავალრიცხოვნობა აძლიერებს “ნაციას”, რადგან შესაძლებელი ხდება მეტი მოქალაქის გამოყენება ე.წ. სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. მაგალითად, მეტი მოქალაქის გაწვევა ჯარში ან/და გაგზავნა იმ ომებში, რომელსაც სახელმწიფო მიიჩნევს საჭიროდ; აგრეთვე, მოქალაქეების დასაქმება პოლიციაში, რომლებიც ისევ კაპიტალისტებს და სახელმწიფო მოხელეებს დაიცავენ და მოემსახურებიან.

ე.წ. ტრადიციული ოჯახი არ არის ბუნებრივი წარმონაქმნი, ეს არის მახინჯი ფენომენი, რომელიც ემსახურება კონკრეტული იდეოლოგიებისა და ადამიანების ინტერესებს. ოჯახი აძლევს ქალებს ფიზიკური გადარჩენის საშუალებას (თუმცა არა ყოველთვის!), მაგრამ ეს ხდება მათი ადამიანური პოტენციალის დათრგუნვისა და ერთგვარი დამონების ხარჯზე. “ოჯახის ქალი” თვითრეალიზაციას ახდენს მხოლოდ ბავშვების გაჩენითა და ქმრის მსახურებით, მისი სხვა უნარები უარყოფილია, მისი განვითარების პოტენციალი დათრგუნულია. ქალი ფსიქოლოგიურად დაუკმაყოფილებელია; როგორც ადამიანი, იგი დამცირებული და დეგრადირებულია. მიუხედავად ამისა, პატრიარქატის, კაპიტალიზმის და სახელმწიფოს თვალსაზრისით, ქალი ამ შემთხვევაში, თავის ადგილზე” იმყოფება. ამ თვალსაზრისს იზიარებენ “კეთილისმსურველებიც” და ქმარიც. ქალის შრომის დაუფასებლობა, მისი იძულებითი განუვითარებლობა, მისი ნაკლები ღირებულება მამაკაცებთან შედარებით, მისი უუფლებობა ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც ქალი თითქოს ადამიანად არც მოიაზრება და იგი ადვილად იქცევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, რისგან თავის დაღწევაშიც მას იშვიათად თუ ეხმარება ვინმე.

ოჯახი არ წარმოადგენს ძალადობისგან თავისუფალ და ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის განკუთვნილ სივრცეს. საქმე სწორედაც რომ პირიქითაა. ამიტომ ქალების ბუნებრივი ინტერესია დაოჯახებისთვის, “გათხოვებისთვის” თავის არიდება. ანარქისტული რევოლუციური ხედვა ითვალისწინებს ზემოხსენებული სამი მჩაგვრელი სისტემის – პატრიარქატის, კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს გაუქმებას, რის შემდეგაც მსგავსი ოჯახური მოწყობის საჭიროება თავისთავად აღარ იარსებებს. თუმცა ჯერჯერობით არსებულ რეალობაში ქალებს სწორედ ეს ძლევამოსილი სისტემები უპირისპირდება. არც თუ იშვიათად “გათხოვებისთვის” თავის არიდება შეუძლებელი ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობენ ქალები, რომლებიც ახერხებენ და არ “ქმნიან ოჯახს”, ან შორდებიან ქმარს და ასე ვთქვათ, ნუკლეარულ ოჯახს გარეთ არსებობენ. ანარქა-ფემინისტური ხედვით, ყოველი ასეთი ინდივიდის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, ასე თუ ისე, ახერხებენ აგენტობის1 განხორციელებას და ჩაგვრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მხოლოდ “აგენტებს” შეუძლიათ, იქცნენ პოლიტიკურ სუბიექტებად და მხოლოდ “აგენტებს” შეუძლიათ იყვნენ სოლიდარულები. ქალის პოლიტიკურ სუბიექტად ქცევა მნიშვნელოვანია ზოგადფემინისტურ დღის წესრიგში, სოლიდარობა კი მნიშვნელოვანია ანარქა-ფემინისტურ, ანარქისტულ და სავარაუდოდ, მემარცხენე დღის წესრიგში. ქალის მიერ “გათხოვებისთვის” თავის არიდება ერთდროულად წარმოადგენს ინდივიდუალური გაძლიერების აქტს და ზოგადად ჩაგრულთა ემანსიპაციის საწინდარს.

მაინც როგორ ვარიდებთ თავს “გათხოვებას”? განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი:

  • ეკონომიკური ფაქტორი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, იმისთვის, რომ ქალმა დაოჯახებაზე უარის თქმა შეძლოს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფა. ამის მისაღწევად, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია განათლების ქონა. რაც მეტი განათლება და “უნარები” აქვს ქალს, მით მეტია შანსი, რომ იგი მჩაგვრელი სისტემებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეკონომიკური სისტემა სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობის საშუალებას იშვიათად იძლევა, ქალებს შეუძლიათ გაერთიანდნენ თავიანთ მსგავსებთან ან/და იცხოვრონ ახლებური ტიპის ოჯახებში. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ინდივიდუალურ წარმატებაზე ორიენტირებული მოდელი, რომელსაც დღევანდელი განათლების სისტემა გვთავაზობს, ქალებს, როგორც სოციალურ ჯგუფს, არ გამოადგებათ. ქალების გაძლიერება დამოკიდებულია ურთიერთსოლიდარობაზე, ერთმანეთის მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერაზე, რათა შეძლონ განათლების მიღება, დამკვიდრდნენ საჯარო სივრცეში და მიიღონ ღირსეული ანაზღაურება. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ქალების გაძლიერება დამოკიდებულია ფემინისტურ პრაქსისზე2.

  • გენდერული ფაქტორი. გენდერული როლები თავისთავად წარმოადგენს სოციალურ კონსტრუქტს. გენდერის “ორსახოვნება”, ფემინურობა და მასკულინურობა, არის ხელოვნურად ნაწარმოები ფენომენი, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს იერარქიას. ამ მოცემულობაში მასკულინურობა უპირატესია, ფემინურობა კი დაქვემდებარებული. ქალების მიერ თავსმოხვეული გენდერული როლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ფემინურობის უარყოფა და მასკულინურობის ათვისება ასევე ხელს უწყობს ქორწინების ვალდებულებისგან თავის დაღწევას. ქალის მასკულინურობა შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც გარეგნობაში (მოკლე თმა, “ბიჭურად” ჩაცმა და ა.შ.), ასევე სხვადასხვა პრაქტიკაში. მაგალითად, თუნდაც ტრადიციული “კაცური პროფესიების” ათვისებასა და “კაცური საქმიანობის სფეროებში” შეჭრაში. თუმცა, სასურველია, რომ ეს მისწრაფება არ “გადაითარგმნოს” იერარქიულ და მჩაგვრელ სისტემებში ინტეგრირების მცდელობად. ამისთვის ქალებს სჭირდებათ რევოლუციური აზროვნება და თავიანთი დღის წესრიგის შექმნა. გენდერულ ასპექტზე საუბრისას ანარქისტული პერსპექტივის გათვალისწინება განსაკუთრებით საჭიროა: მაგალითად, ტრადიციული მამაკაცური პოლიტიკა გულისხმობს იერარქიისა და ძალმომრეობის არსებობას, რაც სახელმწიფოსა და პარტიების მეშვეობით ხორციელდება. ქალებს კი იერარქიისგან დაცლილი, რადიკალურად დემოკრატიული პოლიტიკა სჭირდებათ.

  • სოციალური ფაქტორი. “გათხოვებაზე” უარის თქმის გაადვილება შესაძლებელია იმ სოციალური წრისგან მაქსიმალური დისტანცირებით, რომელიც ქალს მუდამ ავალდებულებს და შთააგონებს, რომ “ოჯახის შექმნა” და რეპროდუქციული ფუნქციის შესრულება მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს. დისტანცირების შესაძლებლობა შეიძლება თავის მხრივ დამოკიდებული იყოს ეკონომიკურ ფაქტორზე. გარდა ამისა, საჭიროა ისეთ ქალებთან/ადამიანებთან კავშირების დამყარება, რომლებიც იქნებიან სოლიდარულები და ქალს არანორმატიული ქცევისა თუ სურვილების გამო საშიშ და საეჭვო ადამიანად არ გამოაცხადებენ. ხშირად ამგვარი სოციალური კავშირები არასათანადოდ ფასდება, მაგრამ სინამდვილეში, იმისთვის რომ მხნეობა არ დავკარგოთ, სოლიდარული თანამოაზრეებისა და სანდო მხარდამჭერების/მოკავშირეების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ სამი ფაქტორდან თითოეული მათგანი საყურადღებოა. “მაქსიმალური ეფექტურობისთვის” სასურველია ყველა პირობის შესრულება, რადგან ცალკეული ფაქტორის მოგვარებამ შეიძლება მიზანთან მიმართებაში არ გაამართლოს. მაგალითად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი სრულიად დამოუკიდებელია ეკონომიკურად, იგი შეიძლება საკუთარ მოვალეობად და მეტიც, საკუთარ სურვილადაც კი მიიჩნევდეს “გათხოვებას”. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია თავსმოხვეული ფემინურობა ან არ გააჩნია შესაბამისი სოციალური კაპიტალი. მეორე მხრივ, სხვა ფაქტორების არსებობამ შეიძლება ვერ გადაარჩინოს ქალი “გათხოვებისგან”, თუკი მას არ აქვს ეკონომიკური თვითუზრუნველყოფის საშუალება. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მოცემული ფაქტორები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. ერთი რომელიმე ფაქტორის არსებობამ ხშირად (თუმცა არა ყოველთვის) შესაძლოა, მოტივაცია გაუჩინოს ქალს სხვა ფაქტორების განსავითარებლად.

ძალადობასა და ჩაგვრასთან დაპირისპირება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლაზე ხელი უნდა ავიღოთ. დანებება “მტრის” უძლეველობის აღიარებას ნიშნავს, იმას, რომ არასდროს არაფერი შეიცვლება ან შეიცვლება მხოლოდ იმდენად, რამდენის ნებასაც “მტერი” მოგვცემს. მხოლოდ ჩაგრულების მიერ საკუთარი პროგრამების შექმნა, საკუთარი პირობების დაყენება და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით ბრძოლა შეიძლება გახდეს რევოლუციური ცვლილებების საწინდარი.

1 აგენტობა – ინდივიდის უნარი, განახორციელოს დამოუკიდებელი ქმედებები სოციალური სტრუქტურის მიღმა.

2 პრაქსისი – თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა.