Step to the future without fascism

12314101_1098249143527240_7356369360282569030_n

 

გამოგონილი უკიდურესობების დაპირისპირება რეალობად საღდება. ერთი ადამიანი კარგია, მეორე – ცუდი. ცუდი უნდა დაისაჯოს და კარგს ემსახუროს. ყველაფერი იმის მიხედვითაა კარგი და ცუდი, რამდენადაც სასარგებლოა საზოგადოებისთვის, მაგრამ რომელ საზოგადოებაზეა ლაპარაკი? იმ საზოგადოებაზე აშკარად არა, რომლის წევრებიც ცუდ ადამიანებად შეფასდნენ. საზოგადოების იდეა ადამიანებისგან დაცლილია. სასარგებლოდ ყოფნა აუცილებლად გულისხმობს ელიტის მსახურებას. ელიტას სჭირდება ჩვენი ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა, ჩვენი სხეულები, ემოციები, მოკლედ, ყველაფერი, რაც მის შექმნილ უკიდურესობებს გამოადგება. ელიტაში არ იგულისხმება მხოლოდ რჩეული ადამიანების ჯგუფი. ელიტა არის აზროვნების სისტემა, რომლის ერთერთი მთავარი პრინციპია მიღება და არა გაცემა. ღარიბი ადამიანებიც კი ხდებიან ასეთი აზროვნების მსხვერპლები, მდიდრები თავისთავად.
ელიტა ქმნის რელიგიას, სახელმწიფოს და სხვადასხვა მმართველ სისტემებს, რომლებიც ეხმარებიან „კეთილის და ბოროტის“ წარმოებაში, რომ არასდროს დამთავრდეს ბრძოლა ვითომ მოსაწყენი არსებობის გასართობად, მაგრამ სინამდვილეში ამ სიყალბის მიღმაა რეალობა, უბრალოდ დანახვის და შეგრძნების საშუალება არ გვეძლევა.
ცინიზმი და დანაშაულის შეგრძნებით მანიპულირება ელიტის მთავარი იარაღებია, რომლითაც ემოციურად იმორჩილებს ადამიანებს. ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის გაცნობიერება, ან უბრალოდ საკუთარი შეგრძნებების მოსმენა ზოგჯერ და მონობისთვის წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი ხერხით. არცერთი ადამიანი არ არის სხვაზე არც უკეთესი და არც უარესი. ჩვენი ინდივიდუალური არსებობა ისევეა დამოკიდებული კოლექტიურ არსებობაზე, როგორც კოლექტიური – ინდივიდუალურზე და არცერთი ადამიანი არაა გამორიცხული ამ პროცესისგან. ამიტომ ამ ორ მდგომარეობას ვერ გავმიჯნავთ და ვერ ვიტყვით, რომ ერთი მეორეზე ნაკლებია, ან მეტი. ერთადერთი, რისი უფლებაც გვაქვს, არის განსხვავება.

 

12366193_1098249733527181_371421445721317205_n


შეგვიძლია განვასხვავოთ ინდივიდუალური კოლექტიურისგან, გეი – ჰეტეროსგან, შავკანიანი – თეთრკანიანისგან, კაცი – ქალისგან, ძაღლი – ტურასგან, სინათლე – სიბნელისგან, მაგრამ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ სამყარო შევაფასოთ ჩვენი, ანუ ადამიანების და კერძოდ „რჩეული ადამიანების“ გამოგონილი იდეალების მიხედვით, დავახარისხოთ უკეთესებად და უარესებად და დავსაჯოთ, შევავიწროვოთ, გავრიყოთ, შეურაცხვყოთ, დავცინოთ, დავჩაგროთ, გავანადგუროთ.
ელიტას ეზიზღება უცხო, ეშინია მისი. ეშინია, რომ მას დაემსგავსება და ერთხელაც საკუთარ თავში აღმოაჩენს უცხოს. სევდიანია იმის ვერ მიხვედრა, რომ ე.წ. უცხო, რომელიც “უსარგებლო” და “არასასურველია”, ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ცნობიერებაში და ყოველთვის იყო, არის და იქნება “სასარგებლოს” და “სასურველის” გვერდით. მათ (და ზოგჯერ მათაც, ვინც ხვდება) უბრალოდ არ უნდათ ამის მიხვედრა და აგრძელებენ უცხოს განადგურებას, რაც სინამდვილეში საკუთარი თავის განადგურებაა. თუ მომავალიც ისეთი უნდა იყოს, როგორიც წარსული და აწმყო, აზრი არა აქვს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას და მაშინ გავაფუჭოთ ყველაფერი.