ტრანსგენდერი

12378109_1005489756138923_4413282388550232016_o

 

რას ნიშნავს ტრანსგენდერობა?

ლგბტ. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი. პირველი სამი სექსუალურ იდენტობას ასახავს, ბოლო კი – გენდერულ იდენტობას. ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ორ გენდერს აღიარებს – კაცი და ქალი. როგორც კი ვიბადებით, გენიტალიის საფუძველზე (როგორც წესი), განგვისაზღვრავენ, რომ ან “გოგო” ვართ ან “ბიჭი”. სახელმწიფო ჩვენთვის მონიჭებულ სქესს/გენდერს დაბადების მოწმობაში, მოგვიანებით კი პირადობის მოწმობაში გვიწერს. ჩვენი სოციალიზაციაც, როგორც წესი, იმის მიხედვით წარიმართება, თუ რომელი სქესი/გენდერი მოგვანიჭეს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ან “კაცად” ჩამოვყალიბდეთ, ან “ქალად”, ვიცოდეთ ჩვენ-ჩვენი როლი და ადგილი.

ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომელიც ამ წესრიგს არღვევს. ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომლის გენდერული თვითაღქმა/იდენტობა ან/და გენდერული გამოხატვა არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს/გენდერს.1 სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ დაბადების/პირადობის მოწმობაში “მდედრობითი” გიწერია, მაგრამ თავს ქალად არ აღიქვამ, ტრანსგენდერი ხარ; თუ “მამრობითი” გიწერია, მაგრამ თავს კაცად არ აღიქვამ, ასევე ტრანსგენდერი ხარ. ამგვარი განმარტებით ადვილია, გადავჭრათ დაბნეულობა, რომელიც ტრანსგენდერობასთან მიმართებაში არსებობს. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ტრანსგენდერი ქალები არსებობენ, ზოგს ტრანსგენდერი კაცების შესახებაც სმენია, მაგრამ არაფერი იცის სხვა გენდერული იდენტობების ან გამოხატვების შესახებ, რომლებიც ასევე ტრანსგენდერობას მიეკუთვნება.

სინამდვილეში, “ტრანსგენდერი” შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ქოლგა (კრებითი) ტერმინი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის გენდერულ იდენტობებს და გამოხატვებს აერთიანებს. ამ იდენტობებისა და გამოხატვების კატეგორიზაცია სხვადასხვანაირად შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში ამგვარად აღვწერ:

  • ბინარული იდენტობები. ამას მიეკუთვნება ტრანსგენდერი ქალი და ტრანსგენდერი კაცი. ამ ადამიანებს იმის “საპირისპირო” გენდერული იდენტობა აქვთ, რაც დაბადებისას მიანიჭეს. ზოგიერთ მათგანს სურს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის გაკეთება, თუმცა ზოგი მათგანისთვის მისაღებია ის სხეული, რომელიც აქვთ და ოპერაციის გაკეთება/სრული ტრანზიციის გავლა არ სურთ. ზოგჯერ ეს ადამიანები (ოპერაციისგან დამოუკიდებლად) სხეულებრივი ცვლილებებისთვის ჰორმონებს იღებენ.

  • არაბინარული იდენტობები. ამას მიეკუთვნება, გენდერქვიარი, ბიგენდერი, აგენდერი, ანდროგინი, გენდერფლუიდი და სხვა იდენტობები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არც “კაცის” იდენტობა აქვთ და არც “ქალის”, არამედ საკუთარ თავს ხედავენ ამ ორ პოლუსს შორის ან შესაძლოა ზოგადად “გენდერის გარეთ”. ეს ადამიანები, როგორც წესი, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციით დაინტერესებულნი არ არიან, თუმცა ზოგი მათგანი სხეულებრივი ცვლილებების გამოსაწვევად შეიძლება იღებდეს ჰორმონებს.

  • არანორმატიული გენდერული გამოხატვები. ამას მიეკუთვნება კროსდრესერი, დრეგ ქვინი/დრეგ კინგი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სპეციფიკური გენდერული გამოხატვები. ისინი ტანისამოსისა ან/და მაკიაჟის საშუალებით განასახიერებენ “ქალს” ან “კაცს”. ხშირად ეს განსახიერება მათთვის მინიჭებულ სქესს არ შეესაბამება. როგორც წესი, ამგვარ გადაცმას არ აქვს რეგულარული ხასიათი და წარმოადგენს გარკვეული პერფორმანსის ნაწილს.

ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში

ეკა აღდგომელაშვილის კვლევა2 აჩვენებს, რომ საქართველოში ჰომოფობიის დონე მაღალია, თუმცა კიდევ უფრო მაღალია ბიფობიისა და ტრანსფობიის დონე. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და აგრესია უფრო მეტია, ვიდრე გეებისა და ლესბოსელების მიმართ. თანაც, აგრესია უფრო მეტად არის მიმართული გენდერულად არაკონფორმული კაცების, ვიდრე ქალების მიმართ. აგრეთვე, ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობები კაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალებში.

საინტერესოა, რომ ზოგადად ტრანსგენდერი ჯგუფის ხილვადობა დაბალია. ეს განსაკუთრებით ეხებათ არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებს, თუმცა ასევე ტრანსგენდერ კაცებსაც. საზოგადოებისთვის ყველაზე ხილვადი ტრანსგენდერი ქალები არიან. თუმცა ეს უკანასკნელნიც, როგორც წესი, ხილვადები ხდებიან ტრაგიკული შემთხვევების შედეგად, რაც მათზე ძალადობრივ თავდასხმებს ან/და მათ გარდაცვალებას უკავშირდება. ასეთი შემთხვევების მაგალითებია 2014 წელს საბი ბერიანის მკვლელობა, 2016 წელს ბიანკა შიგუროვას ტრაგიკულად დაღუპვა და ასევე 2016 წელს ზიზიზე თავდასხმა. ეს ფატალური შემთხვევები იმის შედეგია, რომ ბევრ ტრანსგენდერ ქალს თავისი გენდერული იდენტობის გამო დასაქმებაზე უარს ეუბნებიან. შედეგად, ისინი ხშირად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და იძულებულნი ხდებიან, სექს-სამუშაოში (პროსტიტუციაში) ჩაერთონ. ეს დაუცველი სოციალური პოზიცია და შრომის პირობები კი მათ თავის მხრივ, ძალადობის მიმართ მოწყვლადს ხდის.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ტრანსგენდერი ადამიანის ამოცნობა ადვილია. ეს სტერეოტიპი შეგვიძლია სწორედ იმას დავუკავშიროთ, რომ საზოგადოებისთვის ხილული ხდებიან გადამეტებულად სექსუალიზებული ტრანსგენდერი ქალები (მაგალითად, სექს-მუშაკები) ან გარკვეული ტიპის კროსდრესერები. ტრანსგენდერი კაცები და არაბინარული ტრანსგენდერები, კი როგორც ზემოთ აღვნიშნე, საზოგადოებისთვის უხილავია. თუკი მათი არანორმატიულობის ამოცნობა მაინც ხდება, ამას, როგორც წესი, “ტრანსგენდერობას” არ უკავშირებენ და ამ ადამიანებს გეიდ ან ლესბოსელად მიიჩნევენ. ამ ჯგუფის “უხილავობა” ერთი მხრივ, მას იცავს ტრანსფობიისგან, თუმცა მეორე მხრივ, ხელს უშლის ამ ადამიანთა მობილიზაციას და გენდერული წესრიგის გადასინჯვას.

ტრანსგენდერობა – ჩაგრულობა თუ სიამოვნება?

სამწუხაროდ, ხანდახან მე განვიცდი ძალადობას იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ვარ. და ეს ხდება მაშინ, როცა ვეღარ ვიკავებ თავს, როცა მბეზრდება ნატურალი კაცის როლის თამაში და ვხდები ის, ვინც ვარ – ლამაზი, მაღალი ქალი. როგორ გადავრჩი დღემდე? მადლობა ბედს! მაგრამ გადატანილი ამბების შემდეგ ისეთი შიშები დამეწყო, რომ დღემდე ვებრძვი სოციოფობიას. მეტრო როგორ გამოიყურება, დამავიწყდა და ის, რომ წავიდე რამე კონცერტზე, გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია იმ ხალხმრავლობის, რომელიც შეიძლება დამხვდეს იქ.”

– “მე მინდა მშვიდი ცხოვრება”, ტრანს ნარატივები, 2015, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ბევრთან არც კი ვახსენებ იმას, რომ სისგენდერი არ ვარ. არ ვახსენებ, იმიტომ, რომ არ მინდა მერე ახსნა-განმარტებების მიყოლება. ჯერ ის, რომ ტრანსსექსუალი არ ხარ. და ამის იქით ცოდნა ძალიან ცოტა გვაქვს. და მერე კიდევ ის, რომ ეს ჩემი გენდერულად ქვიარობა თანდაყოლილი არაა. ყოველთვის არ იცოდი, რაც თითქოს ვალიდურობას აცლის შენს გენდერულ იდენტობას… ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი გამოცდილებები გვაქვს, ჩემს შემთხვევაში ის, რომ ტრანსი ვარ, ტანჯვა არაა. პირიქით, ძალიანაც მაგარია… ძალიან რთულია ტრანსი ტანჯვის სინომიმად არ ვაქციოთ.”

– “სხვა ტრანსგენდერი”, ტრანს ნარატივები, 2015, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ეს ორი ამონარიდი, ორი სიტყვა სხვადასხვა ტრანსგენდერ ადამიანს ეკუთვნის. პირველი ტრანსგენდერი ქალია, მეორე კი – გენდერქვიარი. ტრანსგენდერობასთან დაკავშირებული მათი გამოცდილებები და გრძნობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პირველისთვის ტრანსგენდერობა ჩაგვრას, ძალადობას, ადამიანების შიშს უკავშირდება. მეორე აღნიშნავს, რომ მისი გენდერული იდენტობა საზოგადოებისთვის ხშირად უხილავია ან/და გაუგებარია, მაგრამ ეს იდენტობა მისთვის სიამოვნების წყაროა და არა ტანჯვის.

რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან? ტრანსგენდერობას სხვადასხვა სახე და პოტენციალი აქვს. გარკვეულ შემთხვევებში, ტრანსგენდერობა უკიდურეს ჩაგრულობას და მოწყვლადობას უკავშირდება, მაგრამ სხვა შემთხვევებში ის გენდერული წესრიგის შეუმჩნეველი (?) რღვევისა და უფრო წარმატებული წინააღმდეგობის წყაროა. ტრანსპოლიტიკის დაგეგმვისას ეს ცოდნა უდაოდ გასათვალისწინებელია.

1 ამის საპირისპიროდ, სისგენდერს უწოდებენ ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობაც შეესაბამება იმ სქესს, რაც დაბადებისა თუ პირადობის მოწმობაში უწერია.

2 წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ”, 2016, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).