ფემინიზმი არ არის ჰუმანიზმი

 

goya5

ფემინიზმი არ არის ჰუმანიზმი

ერთ-ერთ თავის “უსასრულო ინტერვიუში” ჰანს ულრიხ ობრისტმა მთხოვა დამესვა გადაუდებელი კითხვა რომელსაც არტისტებმა და პოლიტიკურმა მოძრაობებმა ერთად უნდა უპასუხონ. ჩემი კითხვებია: “როგორ უნდა ვიცხოვროთ ცხოველებთან ერთად?” “როგორ ვიცხოვროთ მკვდრებთან ერთად?”
სხვებმა იკითხეს: “და ჰუმანიზმი? და ფემინიზმი?” ქალბატონებო და ბატონებო და დანარჩენებო, ერთხელ და სამუდამოდ, ფემინიზმი არ არის ჰუმანიზმი. ფემინიზმი ანიმალიზმია. სხვა სიტყვებით, ანიმალიზმი გაფართოებული ფემინიზმია და არა ანთროპოცენტრიზმი.

პირველი მანქანები ინდუსტრიულ რევოლუციაში ორთქლის ძრავები არ იყვნენ, არც მბეჭდავი პრესა და არც გილიოტინა… არამედ მონები პლანტაციებში, სექს და რეპროდუქციული მუშაკები, და ცხოველები. პირველი მანქანები ინდუსტრიულ რევოლუციაში ცოცხალი მანქანები იყვნენ. ჰუმანიზმმა მაშინ შექმნა ახალი სხეული რასაც ის ადამიანს დაარქმევდა: სუვერენული, თეთრი, ჰეტეროსექსუალი, ჯანმრთელი, პირველადი სხეული.
დაშრევებული სხეული, ბევრი ორგანოებით, სავსე კაპიტალით, ჟესტებით, რომლებიც დროით იზომება და რომლის სურვილებიც სიამოვნების ნეკროპოლიტიკური ტექნოლოგიის შედეგებია. თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა: ანიმალიზმი ჰუმანიზმის უნივერსალურ პრინციპებში კოლონიურ და პატრიარქალურ ფესვებს ამხელს. მონობა და შემდეგ ხელფასიანი შრომა არის თანამედროვე “კაცის” თავისუფლების საძირკველი. სიცოცხლის და ცოდნის ექსპროპრიაცია (გასხვისება) და სეგმენტაცია (დანაწევრება) თანასწორობის სანაცვლოა. ომი, შეჯიბრი და მეტოქეობა, კი ძმობის მაფუნქციონირებელი.

შესაბამისად, რენესანსი, განმანათლებლობა, ინდუსტრიული რევოლუციის სასწაული, დგას მონების და ქალების, ცხოველების სტატუსამდე და შემდეგ ამ სამივეს (მონების, ქალების და ცხოველების) (რე)პროდუქციულ მანქანებამდე დაყვანაზე. თუ ცხოველს ერთ დღეს მოექცნენ როგორც მანქანას, მანქანა ნელ-ნელა იქცა ტექნოცხოველად,რომელიც ცხოვრობს ტექნოცოცხალ ცხოველებთან (მონები,ქალები) ერთად. მანქანები და ცხოველები (მიგრანტები, სხეულები, ფარმაკოპორნოგრაფები, პირველი კლონირებული ცხვრის, დოლის შვილები, ელექტრონუმერული ტვინები) აფუძნებენ საკუთარ თავს როგორც ანიმალიზმის მომავალ პოლიტიკურ სუბიექტებს. მანქანა და ცხოველი კვანტური ომონიმები არიან.

მთელმა ჰუმანისტურმა თანამედროვეობამ სიკვდილის ტექნოლოგიების გავრცელების მეტი არაფერი იცოდა, ანიმალიზმმა ახალი გზები უნდა მოიფიქროს მკვდრებთან საცხოვრებლად. პლანეტასთან როგორც გვამთან და აჩრდილთან, რომ გარდაქმნას ნეკროპოლიტიკა ნეკროესთეტიკად. ანიმალიზმი შედეგად იქცევა დაკრძალვის ზეიმად, გლოვის ზეიმად. ანიმალიზმი სამგლოვიარო რიტუალია, დაბადება, ჰუმანიზმის მსხვერპლების გარშემო ყვავილების და მცენარეების საზეიმო კრება . ანიმალიზმი განშორება და ჩახუტებაა. ქვიარ მკვიდრობა, პლანეტარული პანსექსუალიზმი, რომელიც არსებების და სქესების საზღვრებს სცდება და ტექნოშამანიზმი, სახეობათაშორის კომუნიკაციის სისტემა, ამ გლოვის აპარატები(ხელსაწყოები) არიან.

ანიმალიზმი არ არის ნატურალიზმი. ის სრულად რიტუალური სისტემაა. კონტრ-ტექნოლოგია ცნობიერების წარმოებაში. ის სიცოცხლის ფორმასთან საუბრის ფორმაა, სუვერენულობის და იერარქიის გარეშე. ანიმალიზმი აწესებს საკუთარ კანონს, საკუთარ ეკონომიკას. ანიმალიზმი არ არის კონტრაქტული მორალიზმი. ის უკუაგდებს კაპიტალიზმის ესთეტიკას და მის მიერ მოხმარების სურვილის (ნაწარმის,იდეების, ინფორმაციის, სხეულების) დატყვევებას. ის არ დგას არც მიმოცვლის და არც პერსონალურ ინტერესებზე. ანიმალიზმი არ არის ერთი კლანის შურისძიება მეორეზე. ანიმალიზმი არ არის ჰეტეროსექსუალიზმი ან ჰომოსექსუალიზმი, არც ტრანსსექსუალიზმია. ანიმალიზმი არც მოდერნულია და არც პოსტმოდერნული. შემიძლია განვაცხადო ხუმრობის გარეშე, ის არც ოლანდიზმია. ანიმალიზმი არც სარკოზიზმია ან ბლომარინიზმი. ანიმალიზმი არ არის პატრიოტიზმი და არც მატრიოტიზმი. ანიმალიზმი არ არის კაპიტალიზმი ან კომუნიზმი. მისი ეკონომიკა არა-მეტოქეობრივი სარგებლის განაწილებაა. ფოტოსინთეტური თანამშრომლობა, მოლეკულური სიამოვნება. ანიმალიზმი ქარია რომელიც უბერავს. ეს არის გზა რომელზეც ატომების ტყის სული კიდევ იჭერს ქურდებს. ადამიანებმა, ნიღბიანმა ტყის ინკარნაციებმა უნდა მოიცილონ ადამიანის ნიღაბი და თავიდან შეინიღბონ ფუტკრების ცოდნით.
ცვლილება, რომელიც საჭიროა, ისეთი ძირეულია, რომ შეუძლებლად მიიჩნევენ. ისეთი ძირეული, რომ წარმოუდგენლად რაცხავენ. მაგრამ შეუძლებელი მოხდება. წარმოსახვა ამად ღირს. რა იყო უფრო შეუძლებელი და წარმოუდგენელი? მონობა, თუ მონობის დასასრული? ანიმალიზმის დრო ასეთი შეუძლებლობის და წარმოუდგენლობისაა. ეს ჩვენი დროა: ერთადერთი რაც დაგვრჩა.

პოლ ბეატრიზ პრესიადო

თარგმანი: http://autonomies.org/it/2015/07/paul-beatriz-preciado-feminism-beyond-humanism-ecology-beyond-the-environment/